|
23.03.2009
ქართული ემიგრაციის ”ბრიუსელის ბუნტი”
10:49 23.03.2009
[ნინო ცხოიძე]
ამჯერად ემიგრანტთა აქტიურობა სწორედ მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების მხარდაჭერისკენაა მიმართული. ვინ მართავს ამ აქციებს და რას ითხოვენ ჩვენი თანამემამულეები?
ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, არ არიან. გასულ წელს გამართულ აქციებზე ყველა სააკაშვილის მომხრე და მისი ხათრით მოსული ნამდვილად არ იყო. მათ თავიანთი შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოფიციალურად ცნობდა. მაშინ აგვისტოს ომი მომხდარი არ იყო. ამ აქციამ ჰოლანდიაში მცირე უსიამოვნებაც კი გამოიწივა ქართველ ემიგრანტებს შორის.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელმა ემიგრანტებმა დიასპორის ხელმძღვანელს და მომიტინგეებს სააკაშვილის შეკვეთის განმხორციელებლებიც კი უწოდეს. ამის გამო, ბრიუსელში უფრო ფართომასშტაბიან მიტინგზე შეკრებილ ქართველთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც შეურაცხყოფად მიიჩნევდა ამ იარლიყის მიკერებას და ამბობდა, რომ აქ საქართველოს გულისტკივილმა მოიყვანა.
საფრანგეთში კი ზოგიერთი “ადგილობრივი ნაციონალის” გამოჩენამ ნამდვილად გამაოცა.
ერთი ახალგაზრდა ძალიან თავგამოდებით იცავდა მიშას და შეძახილებსაც არ იშურებდა. მართალი გითხრათ, ასეთი ხალხის არ მესმის. თუ სააკაშვილის მომხრე ხარ და საქართველოში არსებული ვითარება მოგწონს, რატომ უნდა ცხოვრობდე ემიგრაციაში, სხვისი ოჯახის მოჯამაგირედ? და რაზეც არ უნდა მუშაობდე, ჩამოდი და შენს ქვეყანას ემსახურე.
ქართველების აქციები ომის დროს იმართებოდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ–ი... ცოცხალი ჯაჭვიც გაკეთდა. მაგრამ ახლა ვითარება ბევრად შეცვლილია. აქ უკვე აშკარაა, რომ მიშასთვის არავინ გამოდის მიტინგზე. პირიქით.
გაჩნდა იდეა, რომ საპროტესტო აქციები ჩატარდეს ევროპის გულში, ბელგიის დედაქალაქში – ბრიუსელში. ამის შესახებ ბრიუსელის მერიისათვის წარსადგენი შეტყობინებაც და პეტიციის ტექსტიც უკვე მზადაა.
11 აპრილს, ბრიუსელში 200-მდე ქართველს ელიან ბელგიის რამოდენიმე ქალაქიდან. ამ დღეს აქ ქართველები ჩამოვლენ ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. მაგრამ ვინაიდან ემიგრანტთა დიდი რაოდენობა არალეგალურად ცხოვრობს, ყველა მსურველი ბრიუსელში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამიტომაც იგეგმება მიტინგები ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მათ ორგანიზებას გერმანიაში მცხოვრები პოლიტემიგრანტი ბიძინა გიორგობიანი გაუწევს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარკვეული ნაწილი, რომელიც კარგად შეეთვისა იქაურ ცხოვრებას და თვალი გამოქცევაზე არ უჭირავს, ჯერ კიდევ ამ ხელისუფლების მხარდამჭერია.
ეს არცაა გასაკვირი. ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, რომელსაც ერთი სული აქვს, საქართველოში როგორმე დასაქმების პრობლემა თანდათანობით მაინც მოიხსნას, რომ უკან დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდეს. როგორც ჩვენი თანამემამულეები გვატყობინებენ, მათი რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა. პოზიციების ცვლილებაში, ემიგრანტთა თქმით, გარკვეული როლი ტელეკომპანია ”მაესტროში” განხორციელებულმა პროექტ “საკანი №5” შეასრულა.
|